საქართველოს სახალხო დამცველი მთავარი პროკურატურისგან ალექსი ბახუტოვის საქმის რეალურად გამოძიებას ითხოვს.
მათი ინფორმაციით, თელავის პოლიციის თანამშრომლებმა ბახუტოვი ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობის ბრალდებით 2007 წლის 27 ივნისს დააკავეს. სამართალდამცავებმა მისგან აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მიიღეს. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბახუტოვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო მის მიერ დასახელებულ პირებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დანაშაულის თანამონაწილეობაში დასდო, ბრალდების მხარესთან საპროცესო გარიგება დაუმტკიცა. გაუარაშვილს, ცოციაშვილსა და ხეჩოშვილს ბიუჯეტში ათასობით ლარი გადაახდევინეს. მოგვიანებით ლაშა ჩოფიკაშვილი ცოცხალი გამოჩნდა, თუმცა ბახუტოვი საპყრობილიდან არ გაათავისუფლეს. კახეთის საოლქო პროკურატურამ დანაშაულის კვალიფიკაცია შეცვალა და ბახუტოვს ბრალი ლაშა ჩოფიკაშვილის მკვლელობის მცდელობაში დასდო. თელავის სასამართლომ ბახუტოვი ისევ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სახალხო დამცველის აპარატმა საქმის შესწავლის შემდეგ მასალები პროკურატურას გადაუგზავნა და როგორც ბახუტოვის წამების, ასევე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.გამოძიება დაიწყო, თუმცა საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია და პროკურატურას პასუხისგებაში არავინ მიუცია.
"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროკურატურის მხრიდან როგორც წესი არ ხდება ასეთი საქმეების სწრაფი და ეფექტური გამოძიება. აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ გასული წლების საქმეების უმრავლესობა დღემდე გამოუძიებელია. ბახუტოვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2 წლის განმავლობაში. ზემოაღნიშნულიდან მკაფიოდ ჩანს, რომ სამართალდამცავთა მიერ შესაძლო სამართალდარღვევების ფაქტები რეალურად არ არის ეფექტურად გამოძიებული და ხშირად არაგონივრულად იწელება ვადებში", - ნათქვამია სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაში.