ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, წინასწარი მონაცემებით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 9 წლის გოგო გარდაიცვალა, მშობლები კი, ძლიერი ინტოქსიკაციით, საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
კლინიკის ექიმის, გიგა შუბითიძის განმარტებით, პაციენტები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მათთან უგონო მდგომარეობაში შეიყვანა.
„ქალი და მამაკაცი ნახშირჟანგის მძიმე ინტოქსიკაციით უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს. როგორც სასწრაფოს ექიმმა აღნიშნა, რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი ბინაში უგონოდ იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე, ისინი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან, თუმცა არ არიან კონტაქტურები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათ შესაბამისი მკურნალობა სჭირდებათ“, – განაცხადა გიგა შუბითიძემ.
არსებული ინფორმაციით, ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული, რომელიც აკრძალულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.