ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
მისი ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცახდებით, სარალიძეს აქვს ემოციური ფონი და გარდა ამისა, ის მთელი დღის განმავლობაში საკვების გარეშე იმყოფებოდა, რამაც შაქრის ძალიან მაღალი დონე და მაღალი წნევა გამოიწვია. შესაბამისად, საჭირო გახდა მისი კლინიკაში გადაყვანა.
"ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მე როდესაც მოვედი, უკვე მიმდინარეობდა შემოყვანის პროცედურები. თავად ზაზა სარალიძის თქმით, მან მოითხოვა, რომ ადვოკატი დასწრებოდა შემოყვანის პროცედურებს, თუმცა მე არ დამასწრეს", - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.
უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზაზა სარალიძეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.