17-19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის (იტალია) პირველი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“.
კონფერენციის თემატიკა მოიცავდა არა მარტო ტექნიკურ მიმართულებებს, არამედ მენეჯმენტის, ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის, აგრარულ და ბიოსამედიცინო სფეროებს, ბიზნესსაქმიანობაში ტექნოლოგიების კიდევ უფრო აქტიურად გამოყენების საკითხებს.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, სტუდენტები, პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები საქართველოდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან...
კონფერენციის გახსნას დაესწრო საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი. მან სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს, ისაუბრა ქართულ-იტალიურ ურთიერთობებზე. აღნიშნა, რომ სამი მიზეზის გამო მოსწონს ეს კონფერენცია: პირველი - კონფერენციის იდეა და ინიციატივა მოდის ქართველი დოქტორანტისგან, რომელიც ამჟამად იტალიაში სწავლობს, მეორე - თემატიკაა მრავალფეროვანი და საინტერესო, მესამე - იტალიელი მეცნიერები თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს.
როგორც რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, ზურაბ გასიტაშვილმა აღნიშნა, მრეწველობის დარგების განვითარების დინამიკა საქართველოში მნიშვნელოვნადაა განპირობებული საუნივერსიტეტო ინოვაციურ შემოქმედებაზე. ამ მხრივ მთელ მსოფლიოში ახალი ტენდენციებია. უნივერსიტეტში იძენენ (ამ მხრივ მოწინავე გახლავთ ა.შ.შ) ინოვაციური პროდუქტის წარმოების ფუნქციებს. მნიშვნელოვანია რეგულირების ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომელიც სტიმულს მისცემს ინოვაციურ-შემოქმედებით-სამეწარმეო განვითარებას. სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ამ სფეროშიც ფოჯას უნივერსიტეტთან და იტალიის ბიზნესთან. ერთობლივი წარმოებების ჩამოსაყალიბებლად და ინვესტიციების მოსაზიდად.
საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის, ოთარ ზუმბურიძის განცხადებით, კონფერენცია ნაყოფიერი ერთობლივი მუშაობის შედეგია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ფოჯას უნივერსიტეტი უკვე ორ წელიწადზე მეტია, თანამშრომლობენ. განხორციელებული აქვთ რამდენიმე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი. აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს და განამტკიცებს უნივერსიტეტებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს.
კონფერენციის იდეის ავტორმა, ერთობლივი საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზატორმა ნინო ადამაშვილმა აღნიშნა, კონფერენცია ემსახურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის კიდევ უფრო დაახლოებას. „ფოჯას უნივერსიტეტს უდიდესი გამოცდილება აქვს აგრარულ სფეროში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს - ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც ცოდნის გაზიარების კარგ შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა მან.
აგრარული ეკონომიკის ასოცირებულმა პროფესორმა ფოჯას უნივერსიტეტიდან, მარიანტონიეტა ფიორემ, კონფერენციის მონაწილეებს SFSC-ში ინოვაციებისა და დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ფოჯას უნივერსიტეტის აკადემიურმა დოქტორმა, პროექტების მენეჯერმა ფედელე კოლანტუონომ, SKIN პროექტის ქსელის მართვის შესახებ ისაუბრა.
კონფერენციის ფარგლებში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართვლობის ხელშეწყობით, გაიმართა სკაიპჩართვა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და და ფოჯას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა გაცვალეს აზრები თემაზე: ციფრული ტექნოლოგიების გავლენა სხვადასხვა ინდუსტრიაზე. ვორკშოპს უძღვებოდნენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი სულაშვილი, პროფესორი ოთარ ბაღათურია, ფოჯას უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლა ფაჩილონგო და დოქტორანტი ფიორელა პია სალვატორე, ასევე, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სექტორის მაგისტრატურის სტუდენტები მარიამ თხინვალელი და ნინო დემინაშვილი.
კონფერენციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას ესტუმრნენ. მათ კვლევითი ცენტრის საზოგადოებასთან და რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. ნინო ჩხარტიშვილმა უმასპინძლა. სტუმრებმა ბაზაზე გაშენებული ვაზის კოლექცია და ხეხილის ბაღები დაათვალიერეს და ქართული იშვიათი ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.
უცხოელ სტუმრებს უმასპინძლა სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტმა. დეკანმა გიორგი ქვარცხავამ კონფერენციის მონაწილეებს ფაკულტეტზე არსებული სამეცნიერო ბაზები და ლაბორატორიები დაათვალიერებინა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურმა კონფერენციის სტუმრებისთვის, ასევე, მოაწყო სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ფოჯას უნივერსიტეტი თითქმის სამი წელია, თანამშრომლობენ. ორი უნივერსიტეტის დაახლოებასა და აქტიურ თანამშრომლობას ხელი შეუწყო ფოჯას უნივერსიტეტის საეთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა, ერაზმუს+ საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა ჯულიო ესპოზიტომ. მისი თაოსნობით, 2016 წელს ფოჯას უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი.
2017 წელს სტუ-ის 3-მა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო იტალიის რეგიონ პულიას მთავრობის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროექტებში MUSA და MOBIS, რომლებიც გულისხმობდა ერთი აკადემიური სემესტრით ფოჯას უნივერსიტეტში სწავლებას (30 კრედიტის დაგროვებით). MOBIS and MUSA national exchange programs at the University in Foggia - funded by the Apulia Region (Transnational Mobility Actions of the Universities in the Apulia Region).
2018 წელს, „ერაზმუს+“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ფოჯას უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ინტერინსტიტუციური ხელშეკრულება, რომელიც უკვე ძალაში შევიდა.