ლევან ბერძენიშვილი დღეს 65 წლის გახდა. ცნობილი ქართველი ფილოლოგი, პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი 1953 წლის 23 ოქტომბერს, ბათუმში დაიბადა. 1970 წელს დაასრულა ბათუმის საშუალო სკოლა. ორი წელი სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1978-95 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს. 1978 წლიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას. 1978 წლის 21 მაისს ვახტანგ ძაბირაძესთან, ვახტანგ შონიასთან და დავით ბერძენიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. დისიდენტური საქმიანობის გამო იყო პოლიტიკური პატიმარი 1984-87 წლებში (გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით „ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა“). სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ЖX 385/3-5.
1996 წლიდან შეუდგა მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში. იყო „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ დირექტორი (1996-97), დააარსა „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი“ (1996), იყო ფონდ "ქართუს" დირექტორი (1997-98). 1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. იყო 2004-2008 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.
2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. ამჟამად არის ილიას სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
არის რესპუბლიკური პარტიის მდივანი და ეროვნული კომიტეტის წევრი. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. მისი ძმა, დავით ბერძენიშვილი აგრეთვე პოლიტიკოსია.