ისრაელისა და პალესტინის მხარეებს შორის აშშ-ს შუამავლობით დღეს პირდაპირი მოლაპარაკებები იწყება. მანამდე კი მხარეებს შორის ერთგვარ მოთელვით მოლაპარაკებებს ჰქონდა ადგილი.
ეგვიპტის, იორდანიის, ისრაელისა და პალესტინის ავტონომიის ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიწვევით თეთრ სახლში მოწყობილ სადილზე ერთმანეთს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი ამ სადილზე ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ.
ამის შემდეგ მათი შეხვედრა არა სასადილო არამედ მოლაპარაკებათა მაგიდასთან შედგება, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის კომპანიაში. შეხვედრას ასევე დაესწრებიან ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი და იორდანიის მეფე აბდალა II. ამას გარდა აღნიშნულ მოლაპარაკებებს ასევე ესწრებიან "ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის" დესპანი ტონი ბლერი და ისრაელის, პალესტინის, ეგვიპტისა და იორდანიის დელეგაციის წევრები.
მას შემდეგ რაც მოლაპარაკებათა მონაწილეები დარბაზში შევიდნენ აბასმა ჩამოსართმევად პირველმა გაუწოდა ხელი ნეთანიაჰუს, რომელიც უკვე ამ დროს სკამზე იჯდა. დამსწრე მედია აღნიშნავს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის სახის გამომეტყველება საკმაოდ არაკეთილმეგობრული იყო. თუმცა ამის შემდეგ იგი სკამიდან ადგა იმისათვის, რომ პალესტინის ლიდერსა და ბარაკ ობამას მისალმებოდა.
ამ ერთგვარ მოთელვით მოლაპარაკებებზე შეკრებილი ლიდერები საუბრობდნენ ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, თუმცა ამავე დროს თითოეული მათგანი ცდილობდა სადავო საკითხებს არ შეხებოდა.
დღეს კი ისრაელისა და პალესტინის მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები იწყება, რომელსაც შუამავლის სტატუსით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ესწრება. მხარეებმა თანხმობა განაცხადეს პირდაპირ შეხვედროდნენ ერთმანეთს 20 თვიანი პაუზის შემდეგ. მათი ბოლო შეხვედრა 2008 წლის 22 სექტემბერს გაიმართა. მაშინ ვაშინგტონმა ვერ შეძლო და უმაღლეს დონეზე ისრაელ-პალესტინის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისათვის ხელის შეწყობა ვერ მოახერხა.