დღეიდან დიდი ბრიტანეთის წიგნების მაღაზიის დახლებზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის მოგონებების წიგნი გაიყიდება. წიგნს "მოგზაურობა" ეწოდება. მასში ასახულია ვითარება, თუ როგორ მოვიდა ხელისუფლებაში ლიბორისტული პარტია 1997 წლის მაისიდან. წიგნი ასევე მოგვითხობს ბლერის პრემიერობის ათწლიან მოღვაწეობაზე.
ბლერმა თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა. მან პრემიერების რეზიდენცია 2007 წლის ივნისში დატოვა, მაშინ, როდესაც ქვეყანამ ფაქტობრივად, მას ზურგი აქცია.
მრავალრიცხოვანი გამოკითხვებით დადგინდა, რომ ბრიტანელებმა ლეიბორისტების ლიდერს არ აპატიეს 2003 წლის გაზაფხულზე ერაყში დაწყებულ ომში ჩართვა ყალბი საფუძვლით _ სადამ ჰუსეინთან მასობრივი განადგურების იარაღი ეპოვათ. ამომრჩეველთა უმრავლესობამ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან თავი მოტყუებულად ჩათვალა, როდესაც მსგავსი იარაღი ერაყში ვერ აღმოაჩინეს. სწორედ ამ მომენტიდან, ანუ 2003 წლის შემოდგომიდან, ტონი ბლერის პოპულარობა განუხრელად მცირდებოდა. თუმცა 2005 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ არჩევნებში მან მესამედ გამარჯვება მაინც შეძლო.
ბლერის წიგნი ერთგვარად ეძღვნება იმას, რომ პრემიერმა განუმარტოს ბრიტანელ ხალხს მოვლენები, რომლებიც ერაყის ომთან იყო დაკავშირებული. ბლერს ეჭვი არ ეპარება ყველა მის მიერ გადადგმული ნაბიჯის მართებულობაში და არ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ მისი ან ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება მოხდა მაშინ, როდესაც ერაყში ომი დაიწყო.
თავის პოზიციას ერაყთან მიმართებაში ბლერი "მაღალი ფასეულობებით" ხსნის. თავისი მოქმედებების მართებულობაში დარწმუნებულობამ მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ბლერის კათოლიკურად მონათვლას პრემიერობის პოსტის დატოვების შემდეგ. მან 2008 წლის გაზაფხულზე შექმნა რწმენის ფონდი. თავად ბლერი დღეს, როდესაც მისი წიგნი ბრიტანეთში წიგნის მაღაზიის დახლებზე გამოჩნდა, ქვეყანაში არ იმყოფება. იგი გაემგზავრა ვაშინგტონში, სადაც მონაწილეობს ისრაელსა და პალესტინის ავტონომიას შორის დაწყებულ პირდაპირ მოლაპარაკებებში საერთაშორისო შუამავლების სპეცწარმომადგენლის სტატუსით.
ბლერმა უარი განაცხადა მრავალი უცხოელი ჟურნალისტის თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა თავისი წიგნისთვის და ინტერვიუ მხოლოდ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად "ბი-ბი-სის" მისცა.
ბლერის ეს ნაბიჯი მიაწერეს იმას, რომ იგი ძალიან ნერვიულობს, ვინაიდან წიგნის გამოსვლის შემდეგ მას ბრიტანელების ნდობის და კეთილგანწყობის დაბრუნება უნდა.
მისი გადაწყვეტილებით, წიგნის გაყიდვიდან შემოსული მთელი თანხა სამეფო ბრიტანული ლეგიონის ფონდის ანგარიშზე გადაირიცხება. ეს საქველმოქმედ ორგანიზაციაა, რომელიც ვეტარან სამხედრო მოსამსახურებს ეხმარება.