უსამა ბინ ლადენის ერთ-ერთი უახლოეს მრჩეველს მამდუხ მაჰმუდ სალიმს ნიუ იორკის მანჰეტენის საოლქო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
განაჩენი მას 2000 წელს ნიუ-იორკის მკაცრი რეჟიმის ციხის დაცვის თანამშრომელზე თავდასხმის გამო გამოუტანეს.
სალიმმა მისი ხელში ჩაგდება და გაქცევის ორგანიზება სცადა. მანვე დაცვის თანამშრომელს ჭრილობა თვალის არეში მიაყენა. ამ დანაშაულის შემდეგ მთელი ამ დროის განმავლობაში ბინ ლადენის მრჩეველი ციხეში იმყოფებოდა, იგი ეჭვმიტანილი იყო კენიასა და ტანზანიაში 1998 წელს მომხდარ ამერიკის საელჩოების აფეთქებაში, რომლის შედეგადაც 224 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 12 ამერიკელი.
სალემისა და კიდევ 21 ადამიანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან გამოძიებას "ეფ-ბი-აი"-ს მიერ შექმნილი სპეციალური ანტიტერორისტული ჯგუფი აწარმოებდა.
მიუხედავად ამისა, სალიმმა ტერორიზმში თავი დამნაშავედ არ აღიარა, დაცვის წევრს დაესხა და იგი თვალში დაჭრა. დაცვის წევრი გადარჩა და მის წინააღმდეგ ჩვენებაც მისცა.
მოსამართლემ სალიმის დანაშაულს მხეცური და საშინელი უწოდა და სამუდამო პატიმრობის გარდა, მას მსხვერპლისათვის 4,7 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. სავარაუდოდ ეს თანხები დაზარალებულს გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეძლებს და სალიმის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას მოძებნის.