"დღეს ვაცხადებ იმის შესახებ, რომ ერაყში აშშ-ს სამხედრო მოქმედებები დასრულებულია. ოპერაცია "ერაყის თავისუფლება" დასრულებულია და ახლა ერაყელი ხალხი პასუხისმგებლობას საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოების მხარდასაჭერად საკუთარ თავზე იღებს ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტელემიმართვაში ამერიკელი ხალხისადმი, რომელიც ერაყიდან აშშ_ის სამხედრო ძალების ყველა შენაერთის გაყვანის გამო გააკეთა.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი ზღვარი ამერიკელებისთვის უნდა იყოს იმის მანიშნებელი, რომ ისინი თავად არიან საკუთარი მომავლის შემოქმედნი, იმ შემთხვევაში თუ "წინ მივიწევთ დარწმუნებითა და მიზანმიმართულად".
ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ეს ასევე უნდა გახდეს იმის მანიშნებელი მთელი მსოფლიოსთვის, რომ აშშ-ს მიმდინარე ასწლეულში კვლავინდებურად განზრახულია აქვს განამტკიცოს საკუთარი ლიდერობა.
"ომის დასრულება პასუხობს არა მხოლოდ ერაყელების, არამედ თავად აშშ-ის ინტერესებს. აშშ-მ გადაიხადა დიდი საფასური იმისათვის, რომ ერაყელი ხალხისთვის დაებრუნებინა საკუთარი მომავალი. ჩავწერეთ რა ეს ბრწყინვალე თავი შეერთებული შტატებისა და ერაყის ისტორიაში, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულება", _ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბარაკ ომამამ აღნიშნა, რომ მან ამერიკელ ხალხს არჩევნებისას მისცა პირობაა, რომ ერაყში ომს დაასრულებდა და 100 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი ერაყიდან კიდეც გაიყვანა.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ ერაყში დარჩება თითქმის 50 ათასი ამერიკელი, რომელთაც ექნებათ განსხვავებული მისია _ პირველ ყოვლისა კი ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაგრამ ეს კონტინგენტიც ერაყს 2012 წელს დატოვებს.
ბარაკ ობამამ მოუწიოდა ერაყის პოლიტიკურ ძალებს რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ახალი მთავრობის ფორმირება.
"დღეს მე მოვუწოდებ ერაყის ლიდერებს გადაუდებლად მოახდინონ მთავრობის ფორმირება, რომელიც იქნება სამართლიანი, წარმომადგენლობითი და ერაყელ ხალხს დაქვემდებარებული", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ შეწყვეტს დემოკრატიული ერაყის მხარდაჭერას.