სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი ავტო სერვის-ცენტრ "კია მოტორს ჯორჯიას" ესტუმრა, სადაც ორი პრობაციონერი დასაქმდა.
პირობით მსჯავრდებულები კომპანია "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" პრობაციის ეროვნული სამსახურის შუამდგომლიბით დაასაქმა. დასაქმებულ ორივე პრობაციონერს პირველ ეტაპზე "შეგირდის" სტატუსი ექნება და ხელფასის სახით ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს. ხელობის ათვისების შემდეგ კი ანაზღაურება გამომუშავების მიხედვით გაეზრდებათ.
პრობაციის ეროვნული სამსახურის ერთ-ერთი პრიოპიტეტი მის კონტროლზე მყოფ პირთა რესოციალიზაცია და მათი დასაქმებაა. ამიტომ, პრობაციის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო კომპანიებთან მოლაპარაკებებს მუდმივად აწარმოებენ. შედეგად, უამრავი პრობაციონერი უკვე დასაქმდა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ "კია მოტორს ჯორჯიას"-ს მსგავსად, პრობაციონერთა დასაქმების სურვილს სხვა კომპანიებიც გამოთქვამენ, რადგან პირობით მსჯავრდებულთა დასაქმება ხელს უწყობს არა მხოლოდ პრობაციონერების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, დანაშაულის პრევენციას, რაც საზოგადოების უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა.