ხვალ, 31 აგვისტოს, რუსი ოპოზიციონერები ტრიუმფალურ მოედანზე (ყოფილი წითელი მოედანი) აქციის გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერები მოედანზე ახალი მესერის მშენებლობას გააპროტესტებენ.
"ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია - ხელისუფლების მიერ დაწესებული აკრძალვები უკანონოა. ტრიუმფალურ მოედანზე მშენებლობა შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში მიმდინარეობს, რაც მეტყველებს, რომ ეს ქმედება ფორსმაჟორულ ვითარებაში ხორციელდება. ხელისუფლებას ფორმალური მიზეზი სჭირდება, რათა ამ ადგილას აქციების გამართვის უფლება არასდროს მოგვცეს", - აცხადებს "მემარცხენე ფრონტის" წევრი სერგეი უდალცოვი.
მისი თქმით, ტრიუმფალურ მოედანზე მიმდინარე მშენებლობის დოკუმეტაცია ოპოზიციამ ყველა შესაბამისი უწყებისგან გამოთხოვა, თუმცა პასუხი არავისგან მიუღია.
"მესერის მშენებლობა ხელს ვერ შეუშლის აქციის ჩატარებას, რომელიც კონსტიტუციის 31-ე მუხლს ეძღვნება. კვლავინდებურად გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს, სამოქალაქო აქციას", - აღნიშნა უდალცოვმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მცდელობა -გამართოს აქცია ტრიუმფალურ მოედანზე, ტრადიციულად, მილიციასთან შეტაკებით მთვარდება. რუსი სამართალდამცავები ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს მოსკოვის მთავარ მოედანზე მსვლელობის უფლებას კატეგორიულად არ აძლევენ. ამის მიუხედავად, რუსი ოპოზიციონერები ყოველ 31 რიცხვში, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მხარდასაჭერად (ადამიანის უფლებათა თავის ნაწილი რუსეთის კონსტიტუციაში), აქციების გამართვას ცდილობენ.