"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამედროვე მსოფლიოს გამორჩეული პოლიტიკური ლიდერის, თავისუფლებისთვის თავდადებული მებრძოლის, საქართველოს დიდი მეგობრის და საქართველოს ეროვნული გმირის - ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სენატორი ჯონ მაკკეინი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იყო სიმართლისთვის ბრძოლის, გმირობის და პატრიოტიზმის სიმბოლო არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისი ცხოვრება და ბრძოლა იყო შთამაგონებელი მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილისთვის.
"საქართველო არ დაივიწყებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჯონ მაკკეინის მტკიცე მხარდაჭერას, განსაკუთრებით 2008 წელს, რუსეთის სამხედრო თავდასხმის დღეებში, მთელი მსოფლიოს გასაგონად წარმოთქმულ მის სიტყვებს: "ჩვენ ყველანი ვიდგებით თქვენს გვერდზე და ჩვენ ყველანი ვიქნებით ქართველები".
სენატორი მაკკეინი თავისუფლებისთვის მებრძოლთა ქომაგი იყო ყველგან . ის იდგა ყველა იმ ხალხის გვერდით, რომელმაც ჩვენს დროში ხმა აიმაღლა ბოროტებისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ.
მადლობა მას ამ ყველაფრისთვის.
ბატონო სენატორო მაკკეინ, თქვენ ჩვენს გულებში და ჩვენი ქვეყნის ისტორიაშიც იცოცხლებთ", - ნათქვამია განცხადებაში.