ქალბატონო კანცლერო, თქვენ ჩამობრძანდით ქვეყანაში, რომელმაც წარმატებით გაიარა დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების გზა! ჩვენი ევროპული არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს ცივილიზაციური არჩევანია! ქვეყანა, რომელიც დღეს თქვენ გმასპინძლობთ, არა მხოლოდ ევროპული ქვეყანაა, არამედ მას დიდი წვლილიც აქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციისა და მისი ღირებულებების ფორმირებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბახტაძის განცხადებით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ერთგული მოკავშირის - გერმანიის მხარდაჭერა, როდესაც რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ფაქტობრივად ანექსირებულია, რაც კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობას.
"ჩვენ კანცლერ მერკელთან ერთად ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გრძელვადიან პერსპექტივაზე. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ერთგული მოკავშირის - გერმანიის მხარდაჭერა, როდესაც რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ფაქტობრივად ანექსირებულია, რაც კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობას.
ქალბატონო კანცლერო, ჩვენი პასუხი ამ მძიმე და ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და ევროპული ტიპის დემოკრატიის მშენებლობა, სადაც დაცულია ყველა ადამიანისა და საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფის ინტერესები და სადაც ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება მოახდინოს თავისი შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზება!
ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას ადასტურებს კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
ასევე, ჩვენი მხრიდან გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, რომელთა მიზანია შერიგებისა და ნდობის აღდგენა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის.
პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე, ბუნებრივია, ჩვენი ძალისხმევა ვერ იქნება ეფექტიანი. ამ მხრივ, გერმანია გამორჩეულ როლს თამაშობს და, დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება!", - განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია, უვიზო რეჟიმით სარგებლობა, ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანება, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავება, უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის დაწყება და საერთო გამოწვევებთან ბრძოლა, - ყოველივე ეს მყარ საფუძველს უქმნის სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
"ქალბატონ კანცლერთან ვისაუბრეთ აგრეთვე იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე, რომლებიც გვაქვს ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით. ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია, უვიზო რეჟიმით სარგებლობა, ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანება, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავება, უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის დაწყება და საერთო გამოწვევებთან ბრძოლა, - ყოველივე ეს მყარ საფუძველს უქმნის სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ამ კონტექსტში, ქალბატონ მერკელს გავაცანით საქართველოს მთავრობის ინიციატივა - საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად, თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.
შეხვედრისას ხაზი გავუსვით ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გასაწევრიანებლად.
საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი როგორც დემოკრატიული განვითარების, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ადეკვატურად აისახა ნატოს 2018 წლის სამიტის დეკლარაციაში.
ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ინტერესი და მისწრაფება, მაქსიმალურად განავითარონ არსებული ურთიერთობები. უკვე მივაღწიეთ პარტნიორობის ისეთ სტანდარტებს, როდესაც შეგვიძლია თვისებრივად ახალ დონეზე გადავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობა! ასევე მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ გერმანული მხარის მიერ გაცხადებული ევროპის ახალი აღმოსავლური პოლიტიკის შემუშავების პროცესში!", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.