დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, რომლის ორსაუკუნოვან იუბილესაც ერთობლივად აღვნიშნავთ საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ ერთობლივი პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფასდაუდებელია გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
"ქალბატონო ფედერალურო კანცლერო, უღრმეს მადლობას მოგახსენებთ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანებისათვის. ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ გმასპინძლობთ საქართველოში როგორც მეგობარს, პარტნიორს, მხარდამჭერსა და ჩვენი ქვეყნის დიდ გულშემატკივარს.
დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი ოფიციალური ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, რომლის ორსაუკუნოვან იუბილესაც ერთობლივად აღვნიშნავთ საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში.
ჩვენთვის ფასდაუდებელია თქვენი და გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ეს არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ის სიკეთე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულად აფასებს და უფრთხილდება.
გვეამაყება, რომ საქართველო ერთგული და საიმედო პარტნიორია გერმანიისთვის. გერმანელი და ქართველი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ჩვენი მხარდამხარ დგომისა და ურთიერთმხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითია", - განაცხადა ბახტაძემ.