4 სექტემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 159-ე თეატრალურ სეზონს ხსნის.
მრავალწლიანი ტრადიცია არც წლეულს დაირღვევა და თეატრის კოლექტივი პირველად ზაქარია ფალიაშვილის ოპერაზე "აბესალომ და ეთერზე" მიიწვევს აუდიტორიას. (ამჯერად მსმენელები ქართულ კლასიკურ ოპერას საკონცერტო შესრულებით მოისმენენ).
"აბესალომ და ეთერს" შეასრულებენ თეატრის გუნდი, ორკესტრი და სოლისტები: თეიმურაზ გუგუშვილი, მარიამ ქობალიანი, ელდარ გეწაძე, ლიანა კალმახელიძე, ელენე ჯანჯალია, გია ასათიანი, თამაზ საგინაძე, ანზორ ხიდაშელი, მანანა იორდანიშვილი, ბონდო გოგია. "აბესალომ და ეთერს" წარუძღვება დირიჟორი დავით მუქერია. ოპერა შესრულდება საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (აღმაშენებლის გამზ. 127).
სექტემბერში ამავე დარბაზში აჟღერდება ოპერები: ვერდის "ტრავიატა" (5 სექტემბერი), ვერდის "აიდა" (11 სექტემბერი), ლეონკავალოს "ჯამბაზები" (12 სექტემბერი), თაქთაქიშვილის "მინდია" (18 სექტემბერი), ვერდის "ნაბუქო" (19 სექტემბერი), ასევე გაიმართება ორი გალა_კონცერტი თეატრის სოლისტებისა და ორკესტრის მონაწილეობით.
სექტემბერში ოპერის თეატრს უმასპინძლებს კონსერვატორიის დიდი დარბაზიც _ 23 სექტემბერს შესრულდება ვერდის "ბალ-მასკარადი", 30-ში კი ფალიაშვილის "დაისი".