დღეს, 25 აგვისტოს, რუსეთში გაერთიანებული რუსეთის პირველი რუსი მეფის, ივანე მრისხანის დაბადებიდან 480 წლისთავს აღნიშნავენ. ივანე IV ვასილის ძე ცნობილია სახელით ივანე მრისხანე. იგი, 1530 წლის 25 აგვისტოს კოლომენსკოეში დაიბადა. ივანე მრისხანე იყო მოსკოვის დიდი მთავარი 1533-იდან, გაერთიანებული რუსეთის პირველი რუსი მეფე 1547-1584 წლებში.
ივანე მრისხანე 7 წლისა დაობლდა. ახალგაზრდა მეფე სახელმწიფო მოღვაწეობაში აქტიურად ჩაება 40-იანი წლების ბოლოს, როცა შეიქმნა ე. წ. "რჩეულთა რადა" (1549) და გატარდა გარკვეული რეფორმები (1549-1560), რომელთა მიზანი იყო თვითმპყრობელობის გაძლიერება და სახელმწიფოს ცენტრალიზაციის განმტკიცება. ივანე IV ვასილის ძის აქტიური აღმოსავლური პოლიტიკის შედეგად მოსკოვის სახელმწიფომ შეიერთა ყაზანის (1547-1552), ასტრახანის (1556) სახანოები, დაიმორჩილა ციმბირის ხანი და ნოღაელთა ურდო. "რჩეულთა რადის" დამხობის შემდეგ (1560) იგი ერთპიროვნულად შეუდგა სახელმწიფოს მართვას. საშინაო პოლიტიკაში მან კურსი აიღო თვითმპყრობელური ხელისუფლების განმტკიცებისა და ოპოზიციის დათრგუნვისკენ, საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად დაისახა ბალტიის ზღვაში გასასვლელის მოპოვება. ამ მიზანს ემსახურებოდა მის მიერ წამოწყებული ლივონიის ომი (1558-1583).
ივანე მრისხანე 1584 წლის 18 მარტს მოსკოვში გარდაიცვალა.