დღეს, 25 აგვისტოს, გერმანელი ტოპმოდელსა და მსახიობს, კლაუდია შიფერს დაბადებიდან 40 წელი შეუსრულდა.
კლაუდია შიფერი 1970 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. მან წარმატების დიდების ზენიტს ბრიჟიტ ბარდოსთან მსგავსების წყალობით 1990-იან წლებში მიაღწია. შიფერი მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული მოდელია, ის 500-ზე მეტი ჟურნალის გარეკანზეა მოხვედრილი. "ფორბსის" ცნობით, 2002 წელს ტოპმოდელს 38 მილიონი ევროს ქონება ჰქონდა.
კლაუდია გუდრუნ და ჰაინც შიფერების ქალიშვილია. მას ორი ძმა - სტეფანი და ენდრიუსი და ერთი და ანნა კაროლინი ჰყავს. კლაუდია საშუალო სკოლაში უკვე პოპულარული გოგონა იყო, თუმცა თავს ყოველთვის კლასელი გოგონების ჩრდილქვეშ გრძნობდა, რადგან სიმაღლის კომპლექსი ჰქონდა და ცდილობდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მასზე ადგილობრივ გოგონებს არცთუ კარგი წარმოდგენა ჰქონდათ, რადგან შეძლებული ოჯახის შვილი იყო, რაც მის პატარა ქალაქში ყველამ კარგად იცოდა. კლაუდიას ბევრი კერძო პედაგოგი ჰყავდა, ამიტომ ის ფრანგულსა და ინგლისურ ენებს სრულყოფილად ფლობს. კლაუდიას თავიდან ადვოკატობა სურდა, რათა მამამისის იურიდიულ ფირმაში ემუშავა. მაგრამ 1987 წელს 17 წლის ქერა ლამაზმანმა იუროსტობა გადაიფიქრა, რადგან დიუსელდორფის ღამის კლუბში მეტროპოლიტენის სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელმა მაიქლ ლევატონმა შენიშნა და კონტრაქტიც მალევე გაუფორმა.
კლაუდიამ განათლების მიღება დაასრულა და მოდელად დაიწყო მუშაობა. გოგონა პარიზში ჩაფრინდა ფოტოსესიაში მონაწილეობის მისაღებად. შემდგომ მისი ფოტო ფრანგული ელის გარეკანზე გამოჩნდა, პარიზი კი მის ფოტოს თბილად შეხვდა. კიდევ რამდენიმე ჟურნალის გარეკანზე მოხვედრა და მას უკვე სუპერმოდელი უწოდეს. კარლ ლაგერფილდმა მასთან ხანგრძლივადიანი მუშაობა ისურვა და კლაუდიაც "შანელის" ახალი სახე გახდა.