დღეს, 24 აგვისტოს უკრაინაში დამოუკიდებლობის 19 წლისთავს აღნიშნავენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი წმინდა ღვთისმშობლის მიძინების კიევი-პეჩერსკის ლავრაში ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ტარას შევჩენკოს და მიხაილ გრუშევსკის ძეგლი გვირგვინით შეამკო.
ამასთან, ვიქტორ იანუკოვიჩი მონაწილეობას მიიღებს კიევის თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებებშიც. მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინელ ერს მიმართა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას დაპირდა.
"არ დავუშვებ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის ეგოისტური ინტერესების გამო ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმების გზას გადაუხვიოს. არ არსებობს სხვა გზა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარდა; არ არსებობს სხვა გზა ისეთი დამოუკიდებელი უკრაინის გარდა, როგორშიც მინდა, ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს, 1991 წლის 1 დეკემბრის რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით, უმაღლესმა რადამ უკრაინის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გახდა.