მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე მილიციამ რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა.
სხვადასხვა წყაროების ცნობით, დაკავებულია 20-60 ადამიანამდე. დაკავებულთა შორისაა მოძრაობა "სოლიდარნოსტის" თანათავმჯდომარე ბორის ნემცოვი და მოძრაობის მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელი მიხაილ შნეიდერი.
ნემცოვის განცხადებით, ისინი, როგორც პატრიოტები შეეცადნენ სახელმწიფო დროშის დღეს პატივისცემა გამოეხატათ სახელმწიფო სიმბოლოსა და ქვეყნისადმი.
"ჩვენ გადავაადგილდებოდით ქვეითად სავალ ნაწილზე და ხელს არავის ვუშლიდით. ამის მიუხედავად, მილიცია თავს დაგვესხა და აღნიშნულის საშუალება არ მოგვცა", _ განაცხადა ნემცოვმა, რომელიც არბატის მილიციის განყოფილებაში იყოფება.
თავის მხრივ, მოსკოვის შინაგან საქმეთა საქალაქო სამართველო ადასტურებს ნემცოვისა და შნეიდერის დაკავების ფაქტს და მათ მილიციის თანამშრომლების მიზანმიმართულ პროვოცირებაში ადანაშაულებს.
მოსკოვის მილიციის წარმომადგენლის განცხადებით თავად აქცია განსაზღვრულ ადგილას ექსესების გარეშე მიმდინარეობდა, თუმცა აქციის შემდეგ ნემცოვმა და შნეიდერმა მონაწილეებს მსვლელობისკენ მოუწოდეს. მილიციამ არაერთხელ მიმართა, რომ არ მოეწყოთ მსვლელობა, რადგან იგი არასანქცირებული იყო.