საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გრძელდება გამოძიება ნიკოლოზ კვეზერელის საქმეზე. 20 აგვისტოს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია ნილოლოზ კვეზერელის დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთი აქტიური წევრი - ამხანაგობა "ბარნოვი-2"-ის ხელმძღვანელი ნანა ესაკია.
წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ ესაკიამ ფიქტიური ფინანსური ოპერაციების განხორციელების გზით, მიითვისა კორეელი ინვესტორის კუთვნილი, დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონება, შემდგომში კი - დანაშაულის შენიღბვის მიზნით, მოახდინა მისი ლეგალიზაცია, კერძოდ, ჯერ-ჯერობით დაუდგენელი პირების სახელით შეისყიდა მიწის ნაკვეთი და შენობები.
ნანა ესაკიას ბრალი ედება თაღლითობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში (ფულის გათეთრება), დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით და სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.