ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის განცხადებით, ლიბანიდან ღაზას სექტორში დაგეგმილ მშვიდობის ფლოტილიის გამგზავრებას არავითარი კავშირი არ აქვს ჰუმანიტარულ დახმარებასთან და ეს "მტრული პროვოკაციული აქტია".
ფლოტილია ღაზას სექტორისკენ კვირას ან ორშაბათს გაემართება და ის იქნება პირველი ჰუმანიტარული ტვირთი, რომელსაც ამ რეგიონში სამი თვის წინ მომხდარი ინცინდენტის შემდეგ ჩაიტანენ.
თუმცა ეჰუდ ბარაკი აცხადებს, რომ ტვირთი განკუთვნილია ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, რომელთა მიზანია ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მიმართა ლიბანის ხელისუფლებას შეაჩეროს "ტვირთის" გაგზავნა.
მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, გავლენა მოახდინონ ლიბანის ხელისუფლებაზე, რათა აღკვეთილ იქნას პროვოკაციული აქტი.