ახლო აღმოსავლეთის დარეგულირების შუამავალთა ოთხეული (აშშ, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო) ისრაელსა და პალესტინას 2 სექტემბრიდან ვაშინგტონში პირდაპირი მოლაპარაკებისთვის იწვევს.
დიპლომატების ინფორმაციით, ოთხეულმა ერთმანეთში ყველა დეტალი შეათანხმა და ისინი იმედოვნებენ, რომ ისრაელი და პალესტინა მზად იქნებიან მიწვევის მისაღებად. მოლაპარკებებში მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც მიიღებს.
რამდენიმე ხნით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ ისრაელი და პალესტინა მზად არიან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად.
არსებული ინფორმაციის მიხედვით, თელ-ავივი თანახმაა მოექცეს 1967 წლის საზღვრებში, რაც ითვალისწინებს აღმოსავლეთ იერუსალიმში და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობების შეწყვეტას.