სტიქიის ზონაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა სასაზღვრო ვერტმფრენიდან მდინარე ნენსკრას სათავეები დაათვალიერეს.
ამ ეტაპზე, სტიქიური პროცესებით გამოწვეული საფრთხის დონე შემცირებულია; მდინარის ცალკეულ უბნებზე შეგუბებებს ადგილი არა აქვს. მასშტაბური სტიქიური მოვლენები მოსალოდნელი არ არის. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან ხეობაში მიმდინარე პროცესებს.
სპეციალისტების განმარტებით, მდინარე ნენსკრას აუზში მოსული ძლიერი ნალექის და მყინვარების ინტენსიური დნობით გამოწვეული მაღალი წყლიანობის გამო, მდინარის ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების გაჩენასა და გააქტიურებას, რამაც მდინარის ცალკეულ უბნებზე წყლის ნაკადების შეგუბება და ღვარცოფული პროცესების ფორმირება გამოიწვია.
მდინარის წყლის დონის მატების შედეგად, წარეცხილია მდინარის ნაპირები.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე, 6 ივლისის 17:00 საათიდან 7 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი; 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.