სოფელ ჭუბერში სტიქიის ზონაში დანგრევის საფრთხის წინაშე კიდევ შვიდი სახლია, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრზე, სოზარ სუბარზე დაყრდნობით ავრცელებს.
სუბარის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბარი ჯერ ადრეა. დანგრეულია ოთხი სახლი, დამხმარე და სათავსო ნაგებობები.
„დანგრევის საფრთხე შვიდ სახლს ემუქრება. მიყენებულ ზარალზე კი, საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ვიცით, რომ დანგრეულია ოთხი სახლი, უამრავი დამხმარე ნაგებობა და სათავსო“, – განაცხადა მინისტრმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ მდინარე ნენსკრაში წყლის დონე კვლავ მომატებულია, მდინარე თითქმის ყოველ წუთს იცვლის კალაპოტს და სხვადასხვა სოფელში გზის სავალ ნაწილზე გადმოდის.
„მძიმე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს სოფელ ჭუბერის ერთ ნაწილში, სადაც მდინარის წყალმა შესაძლოა, საშიშროება შექმნას. ვითარება კვლავ რთულია. მდინარის დონე ჯერ არ იკლებს“, – დასძინა მან.