მდინარე ნენსკრაში წყლის დონე კვლავ მომატებულია, – ამის შესახებ საზოგადოებრივს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განუცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.
მისი თქმით, მდინარე ხშირად იცვლის კალაპოტს და სოფლებში გზის სავალ ნაწილზე გადმოდის.
„ამ წუთებშიც მძიმე ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს სოფელ ჭუბერის ერთ ნაწილში, სადაც მდინარის წყალმა შესაძლოა, საშიშროება შექმნას. ვითარება კვლავ რთულია. მდინარის დონე ჯერ არ იკლებს, ვინაიდან წუხელ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა“, – განაცხადა სუბარმა.
მისივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, დანგრეულია ოთხი სახლი, დამხმარე ნაგებობები და სათავსოები, ასევე საფრთხის წინაშეა კიდევ შვიდი საცხოვრებელი სახლი.