გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა, სადაც ადგილზე გაეცნობიან მდინარე ნენსკრაზე მიმდინარე სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებს და გასცემენ რეკომენდაციებს შემდგომი რეაგირებისათვის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს, ღამის საათებში, მდინარე ნენსკრას აუზში, სავარაუდოდ, უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად ადიდდა მდინარე ნენსკრა, რამაც გამოიწვია ღვარცოფული პროცესების განვითარება.
სააგენტოს ინფორმაციით, 5 - 8 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება; დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება მოხდეს.