იუგოსლავიის საკითხებთან დაკავშირებით შექმნილმა საერთაშორისო ტრიბუნალის მოსამართლეებმა მიიღეს დადგენილება, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება ტრიბუნალის ექს-პროკურორის კარლა დე პონტეს საქმიანობის შესწავლის მიზნით.
გამოძიება უკვე დაწყებულია კიდევ ორი მოქმედი პროკურორის წინააღმდეგ.
"ზოგიერთმა მოწმემ განაცხადა, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და შანტაჟი. პროკურორები, სავარაუდოდ ცდილობდნენ, მოსყიდვისა და შეშინების გზით მიეღოთ მათთვის სასურველი ჩვენება. მოწმეებს უკრძალავდნენ ძილს. ადგილი ჰქონდა მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და სთავაზობდნენ ფულს", _ ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში სერბეთის რადიკალური პარტიის ყოფილი ლიდერის, ვოისლავ შეშელის საქმესთან დაკავშირებით.
დამოუკიდებელმა გამომძიებელმა სასამართლოს ექვსი თვის ვადაში უნდა მოახსენოს გამოძიების შედეგები.
პროკურორები მათ წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფენ და მზად არიან სასამართლოსთან ითანამშრომლონ.
შეგახსენებთ, რომ კარლა დე პონტემ პოსტი 2007 წელს დატოვა და, ამჟამად შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია არგენტინაში.