დღეს, 20 აგვისტოს, მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრებიან აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი ამერიკის კონგრესმა დააფუძნა. ამ ფონდმა მსოფლიოს 100 ქვეყანაში უკვე 640-ზე მეტ ინიციატივას დაუჭირა მხარი და 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად 26 მილიონი დოლარი გაიღო.
პროექტი _ "სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული უნიკალური ნივთების, შუასაუკუნეების ხელნაწერთა და ხატების დაცვა და კონსერვაცია" _ საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განახორციელა. ინიციატივა 2009 წელს დაიწყო და ა. წ. აგვისტოში დასრულდა.
პროექტის მიზანი იყო სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული ექსპონატების დაზიანების გამომწვევი მიზეზების შესწავლა, მოსალოდნელი რისკების დადგენა, მათთან ბრძოლის მეთოდოლოგიის შემუშავება და დაცვის პირობების გაუმჯობესება.
სვანეთის მუზეუმში დაცულ უნიკალურ ნივთებს კონსერვაცია ჩაუტარდა. კონსერვაციის ამ მეთოდს ქართველი სპეციალისტები სმითსონიანის ინსტიტუტში სტაჟირებისას დაეუფლნენ.
პროექტის ფარგლებში გარემონტდა მუზეუმის საცავი, რომელიც აღიჭურვა ახალი ინვენტარით. კონსერვაციის შემდეგ ექსპონატები გაუმჯობესებულ პირობებში დაბინავდა. შეიქმნა და შესაბამისად აღიჭურვა საკონსერვაციო ლაბორატორია, რომელიც ერთადერთია რეგიონში და მოემსახურება მხარის ყველა მუზეუმს.
პროექტის ფარგლებში დამუშავდა მუზეუმის 3.000 ექსპონატი. პროექტის მსვლელობისას საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს სვანეთის ეკლესია-მონასტრების სასულიერო პირებთან. საკონსერვაციო სამუშაო ჩაუტარდა ადგილობრივ ეკლესიებში დაცულ უნიკალური ხატებსაც.