ირანი ბირთვულ პრობლემასთან დაკავშირებით აშშ-სთან არავითარ დისკუსიას არ აპირებს, ვიდრე ვაშინგტონი თეირანის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს და არ შეწყვეტს მუქარებს. ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
მან სისულელე უწოდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების მუქარას.
"ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მუქარები განხორციელდება მაგრამ თუ ეს მოხდა, მაშინ წინააღმდეგობა ირანელ ხალხთან გავრცელდება მის საზღვრებსა და რეგიონებს შორს", - განაცხადა ხამენეიმ. მისი თქმით, ირანი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, როგორც ეს არაერთხელ განაცხადა მაჰმუდ ახმადინეჯადმა, მაგრამ არა მოლაპარაკებებისთვის აშშ-სთან.
"მიზეზი ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ ნორმალური მომლაპარაკებლების როლში გამოვიდნენ. ამიტომ მათ უნდა შეწყვიტონ ზესახელმწყიფოს როლის თამაში, უარი თქვან მუქარაზე და გააუქმონ სანქციები. აი, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით. აშშ-მ უნდა გაიგოს, რომ მას არ შეუძლია, მოახდინოს ზეწოლა ირანზე, როგორც ეს ხდება სხვა ქვეყნებთან მიმართებაში", _ განაცხადა ხამენეიმ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რის შემდეგაც აშშ-მ და ევროკავშირმა დამატებით ცალმხრივი სანქციები დააწესეს ოფიციალური თეირანის წინააღმდეგ.