სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მოსახლეობა 16 წლის ახმედ გაურგაშვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. საზღვრისპირა სოფლის მაცხოვრებლები აზერბაიჯანული მხარისგან იმ მესაზღვრის დასჯას მოითხოვენ, რომელმაც გაურგაშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
„საქონელი წყალთან რომ მივიდეს, ახლოს ვეღარ მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიაა. გვეშინია, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გაუფრთხილებლად არ გვესროლონ. სოფელში სასმელი წყალი გააკეთეს. იქაც გადმოდიან შეიარაღებული აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და როცა იქ არიან, ვერც იქ მივდივართ ახლოს. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ჩვენი მესაზღვრეები სოფლის შემოსასვლელში დგანან. მკვლელობის გამოძიება კი დაიწყო, თუმცა უშედეგოდ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერისიმედის მკვიდრმა მინდია თავართქილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე მკვლელობა 13 აპრილს მოხდა. აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ 16 წლის ახმედ გაურგაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე ესროლა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას სსკ-ის 108 მუხლით შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. ახმედ გაურგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.