1-ლი სექტემბრიდან რუსეთში ღამის საათებში ალკოჰოლის გაყიდვა იკრძალება. ქვეყნის ალკოჰოლური სასმელების რეგულირების სამსახურმა ქვეყნის მთავრობას გაუგზავნა ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც ღამის საათებში ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალება. კანონმდებლობა ითვალისწინებს, 5 პროცენტის ზევით ალკოჰოლის შემცველობის სასმელების გაყიდვის აკრძალვას საღამოს 11 საათიდან დილის 8 საათამდე.
იმ ალკოჰოლური პროდუქციის ჩამონათვალში, რომლის რეალიზაციაც იკრძალება, მოხვდა ლუდიც, თუმცა რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით ლუდი ალკოჰოლური სასმელების კატეგორიას არ განეკუთვნება. მით უფრო, რომ რუსეთში გამოშვებულ ლუდში ალკოჰოლის შემადგენლობა 5 პროცენტზე დაბალია.
კანონპროექტი ალკოჰოლური პროდუქციის ბაზარს რეგულირების სამთავრობო კომისიამ უნდა განიხილოს, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი ვიქტორ ზუბკოვი ხელმძღვანელობს.
ამავდროულად, რეგიონებს უფლება მიეცემათ შეზღუდვის დრო თავად გაამკაცრონ. აკრძალვა იმოქმედებს ყველგან, საზოგადეობრივი კვების ობიექტების გარდა. ცალკეულ შემთხვევებში რეგიონებს უფლება ეძლევათ შეზღუდვის ინტერვალთან დაკავშირებული ზღვარი საერთოდ მოხსნან და ცალკეულ სარეალიზაციო პუნქტებს ალკოჰოლური პროდუქციით ვაჭრობის 24-საათიანი ნებართვა მისცენ.
რუსეთის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად ერთ სულზე 15,2 ლიტრი სუფთა ალკოჰოლი მოდის.