თბილისში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიის, „მარიგოლდი“-ს მოდის სახლი და საწარმო გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ასევე ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და საჯარო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. გახსნის ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა.
კომპანია „მარიგოლდი“ არის ქართული ბრენდი, რომელიც 2008 წლიდან აწარმოებს საავტორო, ხელნაკეთ საქორწილო სამოსს და სადღესასწაულო ტანსაცმელს. ასევე, კომპანიის ერთ-ერთი მიმართულებაა კამპანია „ჩაიცვი ქართული“ , რომლის ფარგლებშიც „მარიგოლდს“ აქვს გათანამედროვებული ტრადიციული ქართული სამოსის ხაზი. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ „მარიგოლდის“ სამკერვალო საწარმო დაეთვალიერებინათ, წარმოების პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ და სადღესასწაულო და „ჩაიცვი ქართულის“ ხაზის საექსპოზიციო მოდელები ენახათ. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ბიზნესომბუდსმენთან ერთად საწარმო დაათვალიერა და წარმოების პროცესის შესახებ ინფორმაცია მისი დამფუძნებლისგან, თამარ ნადირაძისგან პირადად მიიღო.
„მარიგოლდი არის საქართველოს სამრეწველო პალატის წევრი და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი. აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებში და ასევე ჩვენს მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ფორუმებში. ვფიქრობ, წარმატებული მცირე და საშუალო ბიზნესის კარგი მაგალითია და ვულოცავთ ამ წარმატებას. „მარიგოლდს“ აქვს ქართული ხაზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.
კომპანია „მარიგოლდი“ აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში, ასევე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ საერთაშისო ფორუმებში საქართველოსა და მის ფარგლებშ გარეთ. სწორედ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით „მარიგოლდს“ შექმნილი აქვს ბრენდბუქი, სადაც აღწერილია ქვეყნის ისტორიული კუთხეები ტრადიციულ სამოსთან ერთად. ახალ საწარმოსა და მოდის სახლში „მარიგოლდი“ 20-მდე ადამიანს დაასაქმებს.