უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ კიევის ოლქის სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშაჰივკაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ხელისუფლება შესაბამისი რეაგირებისა და შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს ამზადებს.
ბუდანოვის თქმით, მომხდარი უკრაინის სახელმწიფოსთვის მიუღებელია და უკრაინელების ერთიანობას აზიანებს, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხის ფონზე.
მისი განცხადებით, სამართალდამცავი და შესაბამისი უწყებები მომხდარის ყველა დეტალს სწავლობენ, რათა მოვლენების ობიექტური და სრული სურათი დაადგინონ, დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ და მსგავსი შემთხვევების განმეორება თავიდან აიცილონ.
„გუშინდელი მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას, განსაკუთრებით რუსული საფრთხის წინაშე. სამართალდამცავი ორგანოები და უფლებამოსილი ორგანოები იკვლევენ ყველა დეტალს, რათა დაადგინონ მოვლენების ობიექტური და სრული სურათი, მიიღონ საჭირო ზომები პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და თავიდან აიცილონ განმეორება. ამჟამად, ვმუშაობთ სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა შევიმუშაოთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება ადეკვატური რეაგირებისა და პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა ბუდანოვმა.
მან უკრაინელებს მოუწოდა, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისა და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებისას ყოველთვის ერისა და სახელმწიფოს ინტერესებით იხელმძღვანელონ.
ცნობისთვის, 2 ნოემბერს კიევის ოლქის პოლიციამ განაცხადა, რომ სოფელ პეტროპავივსკა ბორშაჰივკაში, კერძო სახლთან, სადაც უკრაინის ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან, არეულობა მოხდა. ადგილზე ეროვნული გვარდიის მეთაური ოლექსანდრ პივნენკო და ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელობა მივიდნენ. სამხედრო ომბუდსმენმა ოლჰა რეშეტილოვამ განაცხადა, რომ ყველა გარემოების გასარკვევად გამოძიება დაიწყო.
უკრაინის ეროვნული გვარდიის „აზოვის” ქვედანაყოფის პირველმა კორპუსმა განაცხადა, რომ დისლოკაციის პუნქტში მობილიზებულები და ის სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ, რომლებიც დაკავებულები იყვნენ სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვების შემდეგ, სამხედრო ნაწილებში განაწილებისა და სამსახურის გაგრძელების მოლოდინში.
შეკრებილმა ადამიანებმა ეროვნული გვარდიის ავტობუსი დააზიანეს. სიტუაციის მოსაგვარებლად ადგილზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი მივიდა.