გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში მცხოვრები დათო კავთელაძე გურჯაანის პოლიციის ხელმძღვანელობას ცხენების ქურდებთან გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იყობინება, კავთელაძე მიმართავს პროკურატურას, ქურდობის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე კონტროლი დააწესოს.
როგორც დათო კავთელაძემ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს აცნობა, 2 ცხენი მას რამდენიმე დღის წინ მოპარეს. „პოლიციას მივმართე დახმარებისთვის. ცხენები ყვარლის რაიონში აღმოჩნდა გადაყვანილი. პოლიციელებმა მანქანაში ჩამისვეს და წამიყვანეს იქ, სადაც ცხენები ჰყავდათ. ადგილზე რომ მივედით, მე მანქანაში დამტოვეს, თვითონ გადავიდნენ და ცოტა ხნის შემდეგ უკან დაბრუნებულებმა მითხრეს, ცხენები გაქცეულანო. განმეორებით მივმართე გურჯაანის პოლიციას და ასეთი პასუხი მივიღე: ჩვენ ყვარლის რაიონში გამოძიებას ვერ ჩავატარებთო. ვფიქრობ, რომ პოლიცია ცხენების ქურდებს გაურიგდა და მათ ხელს აფარებენ", - აღნიშნავს დათო კავთელაძე.
შს გურჯაანის სამმართველოს ინფორმაციით, ცხენების ქურდობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. გურჯაანის პოლიციაში კავთელაძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს გურჯაანის რაიონში საქონლის ქურდობის ფაქტები გახშირდა. დაზარალებულები მოპარულ საქონელს ვერ პოულობენ.