19 აგვისტოს, სომხეთის პრეზიდენტის სერქ სარგისიანის მოწვევით, ერევანს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ეწვევა.
დიმიტრი მედვედევი სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, გვირგვინებით შეამკობს სომხების გენოციდისას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალს, ხოლო შემდეგ გაიმართება ოფიციალური ვახშამი, სომხეთის პრეზიდენტის სახელით.
20 აგვისტოს, დაგეგმილია ორი პრეზიდენტის მოლაპარაკება, რომელსაც მოგვიანებით დელეგაციების წევრებიც შეუერთდებიან. ხელი მოეწერება მთელ რიგ დოკუმენტებსა და შეთანხმებებს, რომელიც ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებისკენაა მიმართული.
მოგვიანებით, სარგისიანი და მედვედევი პრესკონფერენციას გამართავენ.
დიმიტრი მედვედევი ასევე მონაწილეობას მიიღებს "ღირსების გორაკის" მემორიალის საზეიმო გახსნის ცერემონიალში. ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების სახელმწიფოთა მეთაურების არაფორმალურ სამიტში, რომელიც სომხეთში 20-22 აგვისტოს გაიმართება.