დღეს, 17 აგვისტოს, საიან-შუშენსკოეს ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქებიდან ერთი წელი შესრულდა. 2009 წლის 17 აგვისტოს აფეთქებამ საიან-შუშენსკოეს ჰიდროელექტროსადგურზე ათობით ადამიანი იმსხვერპლა და აღმოსავლეთ ციმბირის ქალაქებში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია.
საიანო-შუშენსკაიას ჰიდროელექტროსადგური (რუს.: Сая́но-Шу́шенская гидроэлектроста́нция) მდებარეობს მდინარე ენისეიზე, საიანოგორსკთან, ხაკასეთი, რუსეთი. ეს არის რუსეთის უდიდესი და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროელექტროსადგური ენერგიის წარმოებით.
სადგურის დადგმული სიმძლავრე 6400 მეგვტ. ჰიდროკვანძში შედის თაღოვან-გრავიტაციული კაშხალი (მაქსიმ. სიმაღლე 242 მ., სიგრძე _ 1066 მ.); ჰესის შენობა 10 აგრეგატითურთ (თითოეულის სიმძლავრეა 640 მგვტ., დაწნევა 194 მ.). კაშხალი ქმნის სეზონური რეგულირების წყალსაცავს. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მაღალი ძაბვის (500 კვ) ხაზებით გადაეცემა ციმბირის გაერთიანებულ ენერგოსისტემას.
სადგურის მშენებლობა 1968 წელს დაიწყო და ათ წელიწადს გასტანა. პირველი ჰიდროაგრეგატი 1978 წელს გაიხსნა. 1987 წელს ნაწილობრივი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. სადგური დააპროექტა ჰიდროპროექტის ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილებამ (ლენჰიდროპროექტი).
1993 წელს სადგურს პრივატიზება ჩაუტარდა და მისი ერთადერთი მფლობელი რაო უესი გახდა. 2003 წლის აპრილში ხაკასეთის მთავრობამ, გუბერნატორ ალექსეი ლებედის ინიციატივით, სასამართლოში სარჩელი შეიტანა გარიგების ანულირების მიზნით. 2004 წლის აპრილში აღმოსავლეთ ციმბირის საარბიტრაჟო სასამართლომ პრივატიზების გარიგება უკანონოდ ცნო, თუმცა ეს გადაწყვეტილება გააუქმა უზენაესმა საარბიტრაჟო სასამართლომ.