ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე დღეს ზაზა სარალიძეს შეხვდება.
დღესვე გაიმართება საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა.
"ევროპული საქართველოს" წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, სხდომაზე დეტალურად გაიწერება გრაფიკი და ის თუ რა ფორმატით მოხდება საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული პირების გამოკითხვა.
"შემუშავებული დღის წესრიგი საბოლოოდ ბიურომ უნდა დაამტკიცოს. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ფართო ჩართულობით იმუშავებს, იმ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. არავის დაკითხვა და გამოკითხვა კომისიაზე, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის, არც იუსტიციის მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების არ არის გამორიცხული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რა გამოიკვეთება საქმის შესწავლისას, თანამდებობის პირები ერეოდნენ თუ არა პროკურატურის საქმიანობაში და რომელი თანამდებობის პირები ცდილობდნენ საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლას", - აცხადებს ირაკლი აბესაძე.