შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ოთარ მირიანაშვილი დააკავეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, პოლიციამ მირიანაშვილს მოსთხოვა, საპროტესტო აქციები არ გამართოს, „წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებენ".
მირიანაშვილი ამ დროისთვის უკვე გაათავისუფლეს. „როგორ კაცო, სასმელი წყალი არ გვაქვს და ხმაც არ ამოვიღოთ? ხალხს ნუ აბუნტებო, გამაფრთხილეს. მერე გადარეკეს, გადმორეკეს და ეხლა სახლში ვარ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ოთარ მირიანაშვილმა.
შს გურჯაანის სამმართველოში ოთარ მირიანაშვილის დაკავების ფაქტს არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია დღეს, დილით გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ბოლო დროს სოფლის სასმელი წყლით მომარაგებისათვის ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხა არაერთხელ გამოიყო და დაიხარჯა, თუმცა სოფელი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.