დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორების მხრიდან მუქარასა და შეურაცხყოფაზე საუბრობს.
"როცა მოსამართლე გავიდა, ატყდა საოცარი ამბავი, პროკურორი პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა, შენ რომ სისულელე დაწერე, ამიტომ ატყდა ეს ამბავიო. დისკზე ჩაწერილია, ორივე პროკურორი რომ ამბობს, დიახ, ექსპერტზე საქმეს აღვძრავთო. ეს პირდაპირი მუქარა არის. ვიკითხები და ეს მუქარაა, დიახ, საქმეს აღვძრავთო.
შესვენების დროს, როცა მოსამართლე გასული იყო, ჩემზე ასეთი ზეწოლა იყო პროკურატურის მხრიდან, ასევე ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახის მხრიდან, თუმცა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ჭირისუფლის მესმის, ამის შემდეგ, პროკურორი ქალბატონი ინა ადვოკატ ინგა შარაშენიძის საცემად გაიწია", - აცხადებს ნიკოლეიშვილი.
მისი განმარტებით, ალტერნატიული ექსპერტიზა, რომლიც ხმაურიანი საქმის გარშემო მისი ჩატარებულია, პროკურატურისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
"პროკურატურის წარმომადგენლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია დასკვნა. არ ვიცი, იმას რატომ ვერ ხვდებიან, რომ მოსამართლისთვის ექსპერტის დასკვნა სავალდებულო არ არის. პროკურორი ცდილობს დასკვნის გამო მოახდინოს ზეწოლა.
ორივე პროკურორმა თქვა, საქმეს აღვძრავთო. დაკითხვის დროს, მიდის ასეთი რამ, მე ვიკითხები და ისინი საქმის აღძვრით იმუქრებიან, სისულელეები დაწერე და ამიტომ ატყდა ეს ამბავიო, ბატონმა ზვიადმა.
ზოგადად, დასკვნამ ისინი გააღიზიანა და ეს მათი ემოციებია", - აცხადებს ნიკოლეიშვილი.
კითხვაზე, მისი დასკვნით, გ.ბ.-ის ბრალეულობა შეიძლება თუ არა გამოიკვეთოს, ექსპერტი პასუხობს, რომ ეს მოსამართლის გადასაწყვეტია.
როგორც ის განმარტავს, პროკურორების მხრიდან მუქარაზე რეაგირებას არ აპირებს.
"არანაირ რეაგირებას არ ვაპირებ, მინდა რომ ამის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს, რომ ასეთი ურთულეს საქმეზე ამდენი შეკითხვა არცერთ დასკვნაზე არ გაჩენილა. შეკითხვის ნაცვლად, ეს დაზიანება დასკვნაში რატომ არ ჩანდა, პროკურორი, ერთიც და მეორეც, ფაქტობრივად აბსოლუტურ შეტევაზე გადმოდის. მე ამას არ ველოდი, პროკურორებისგან ასეთი რამ, ამდენი წლის მანძილზე პირველად ვნახე. ვთვლი, რომ ეს ყველაფერი პროკურორების მხრიდან პროვოცირებული იყო", - დასძენს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტ ნიკოლეიშვილის სასამართლოში დაკითხვას მოკლულ ლევან დადუნაშვილის ოჯახის გაღიზიანება მოჰყვა. სასამართლოში დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.