გუანტანამოს ციხეში ყველაზე ახალგაზრდა მსჯავრდებულის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც დაპატიმრებისას 15 წლის იყო. ამას გარდა, ეს გუანტანამოში გამართული პირველი სასამართლო პროცესია მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლების სათავეში ბარაკ ობამა მოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ომარ კადრას, რომელიც ამ დროისთვის უკვე 23 წლისაა, ავღანეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში ედება ბრალი. თავად განსასჯელი ამტკიცებს, რომ აღიარებითი ჩვენება მან წამების შედეგად დაწერა.
დამკვირვებელთა აზრით, ეს სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ წინ წამოწევს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში.
გაეროს წარგზავნილი რაჯიკ კუმარასვამი, რომელიც შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვების მონაწილეობის საკითხების შესწავლითაა დაკავებული, აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროიდან არც ერთი ბავშვი არ წარმდგარა სასამართლოს წინაშე სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის.
"მოზარდებისთვის არსებობს მართლმსაჯულების დადგენილი სტანდარტები - არ შეიძლება ბავშვი სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლოს", _ აცხადებს გაეროს წარმომადგენელი.
გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც პროკურორმა ჯეფ გენრიხმა სამხედრო კოლეგიის წევრებს ჰკითხა, - სჯერათ თუ არა მათ, რომ მოზარდებმა არ უნდა ზღონ სასტიკი დანაშაულისთვის და მიიჩნევენ თუ არა ისინი, რომ განსასჯელის მიმართ სხვა სტანდარტი უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტში იგი 15 წლის იყო, - დამსწრეთაგან წინააღმდეგი არავინ წასულა.
სასამართლო პროცესი სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ომარ კადრას მკვლელობა, შეთქმულება და ტერორიზმის მხარდაჭერა ედება ბრალად. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას სამუდამო პატიმრობა ელის.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ერთ-ერთი პირველი წინასაარჩევნო დაპირება და მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება პრეზიდენტის პოსტზე სწორედ გუანტანამოს ციხის დახურვა იყო. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 2010 წლის იანვრისთვის გუანტანამოს ციხე დაიხურებოდა, ობამა კი აცხადებდა, რომ "ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში აშშ--ს პრესტიჟის აღდგენისკენ მიმართული ერთ-ერთი ღონისძიება იყო".
ობამამ აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად ანუ გუანტანამოს ციხის დასახურავად კონგრესს 80 მილიონი აშშ დოლარი სთხოვა. თუმცა კონგრესმენების უმრავლესობამ იდეა გუანტანამოს პატიმრების ფედერალურ ციხეებში გადანაწილებას მხარი არ დაუჭირა.
ამის გამო ობამას კონგრესის წინაშე ახსნა-განმარტებებით გამოსვლამ მოუწია, რომლის დროსაც ობამა ასევე დაარწმუნა კონგრესმენები, რომ გუანტანამოს არც ერთი პატიმარი აშშ-ის ტერიტორიაზე გათავისუფლებული არ იქნებოდა.
ამავდროულად, ვაშინგტონმა თხოვნით მიმართა ევროპულ ქვეყნებს, რათა გუანტანამოს პატიმრების ნაწილი "რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენენ", თავის ტერიტორიაზე მიეღოთ. აშშ-ის ამ თხოვნაზე მხოლოდ ირლანდია, პორტუგალია და უნგრეთი და საქართველო დათანხმდა.
დეკემბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა აღიარა, რომ დათქმულ ვადაში გუანტანამოს ციხის დახურვა შეუძლებელი იქნებოდა.
2002 წლიდან გუანტანამოს ციხეში ტერორიზმში ბრალდებული, ავღანეთსა და ერაყში დაკავებული, ალ-ქაიდასა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების 775-ზე მეტი მუსულმანია დაკავებული.
მათგან დაახლოებით 550 ვაშინგტონმა იმ სახელმწიფოებს გადასცა, ვისი წევრებიც ისინი იყვნენ ან სხვა ციხეში გადაიყვანა. მრავალი კი იმ სახელმწიფოებში გადაანაწილა, რომლებიც მათ მიღებაზე დათანხმდნენ.
ამჟამად გუანტანამოში 200 პატიმარია. მათი ნაწილის გასათავისუფლებლად ვაშინგტონი მზადაა, მაშინ, როდესაც დანარჩენი პატიმრები სხვადასხვა ციხეში გადანაწილდებიან.
გუანტანამოს სამხედრო ბაზა აშშ-ს კუბისგან 1903 წლის დასაწყისიდან აქვს ნაქირავები, ხოლო განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისათვის ციხე იქ 2002 წლიდან განთავსდა.