"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტარი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „საქართველომ უნდა გააკეთოს ოფიციალური განაცხადი, რომ სურს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელწმიფო.
მისი თქმით, ეს უნდა გაკეთდეს ინდივიდუალურ რეჟიმში, რადგან საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება დაელოდოს სხვა სახელმწიფოს.
„ გარდა ამისა, გამოცდილებაც იმას აჩვენებს, რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ რეჟიმში წარიმართოს ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობები“,- ეს განცხადება სალომე სამადაშვილმა ევროინტეგრაციისა და საგაერო ურთრთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომამდე გააკეთა, სადაც განიხილება ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი წარადგენს.
„ჩვენთვის პირველი შეკითხვა არის ის, აპირებს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას და თუ არა, რა არის ამის მიზეზი. რაც შეეხება დოკუმენტს, ეს არის საკმაოდ ბევრისმომცემი ევროკავშირთან ტექნიკური დაახლოების თვალსაზრისით. მაგრამ, პოლიტიკური გზავნილი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სამადაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ. ჯანელიძე დეპუტატებს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (ROADMAP2EU) კონცეფციას აცნობს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 8 მაისის სხდომაზე დაამტკიცეს. ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის დევიზია „მეტი ინტეგრაცია ახალი შესაძლებლობებისთვის“. დოკუმენტი მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, ასევე „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მიღმა არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რამაც ხელი უნდა შეიწყოს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის.