„დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო დოკუმენტი - საგზაო რუკა, რომელიც იქნება შეჯერებული, შეთანხმებული და ექნება ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ის იქნება დოკუმენტი, რომელიც საქართველოს გადაიყვანს ახალ ეტაპზე ევროპული ინტეგრაციის პროცესში და გაუხსნის შესაძლებლობებს იმ საბოლოო მიზნისკენ, რომელიც არის ჩვენი სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში,“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მიხეილ ჯანელიძე დღეს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციას წარადგენს. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საგზაო რუკის კონცეფცია, რომელიც ევროინტეგრაციის კომისიამ დაამტკიცა.
„არის ძალიან ამბიციური დოკუმენტი, როგორც პოლიტიკური, ასევე სექტორული და საკანონმდებლო ინტეგრაციის კუთხით. ეს არის ის კონცეფცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მეტი ინტეგრაცია მეტი შესაძლებლობებისთვის. ეს არის ის გეგმები, რომელიც შეთანხმებული იქნება ყველა დაინტერესებულ პირთან. სწორედ ჩვენ ვიწყებთ ამ ფართო და ღია კონსულტაციების რეჟიმს. პარლამენტში განვიხილავთ ამ კონცეფციას. ასევე, შექმნილია შესაბამისი ფორმატები, სამუშაო ჯგუფები," - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ. ჯანელიძე დეპუტატებს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (ROADMAP2EU) კონცეფციას აცნობს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 8 მაისის სხდომაზე დაამტკიცეს. ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის დევიზია „მეტი ინტეგრაცია ახალი შესაძლებლობებისთვის“. დოკუმენტი მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, ასევე „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მიღმა არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რამაც ხელი უნდა შეიწყოს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის.