ალიასკაზე აშშ-სა და რუსეთის ერთობლივი კონტრტერორისტული წვრთნა დაიწყო სახელწოდებით "ზორკიი ორიოლ" (Vigilant Eagle), რომელშიც აშშ-ს, რუსეთისა და კანადის სამხედრო საჰაერო ძალები მონაწილეობენ. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სის" რუსული სამსახური ავრცელებს.
სწავლებაში სამხედროების გარდა, ასევე ჩართულია რუსეთის ფედერაციული აერონავიგაციური სამსახურის სამოქალაქო სპეციალისტები და ამერიკული ფედერალური სამმართველოს სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლები.
სწავლების სცენარის მიხედვით, რუსეთისა და აშშ სამხედრო საჰაერო ძალებმა უნდა შეძლონ აღმოაჩინონ და გააცილონ "ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი", რომელიც ალიასკიდან წყნარი ოკეანის გავლით შორეულ აღმოსავლეთში მიემართება და პირიქით.
სწავლების მონაწილეები თვითმფრინავს თავ-თავისი საჰაერო სივრცის ფარგლებში გააცილებენ. ამის შემდეგ კი ისინი "გატაცებული თვითმფრინავის" შესახებ ინფორმაციას გაცვლიან.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ამ სწავლების ჩატარება 2008 წელს იგეგმებოდა, მაგრამ ამ წელს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული ინტერვენციის გამო, ამერიკულმა მხარემ მათ ჩატარებაზე უარი განაცხადა. აშშ-მ და რუსეთმა ამ სწავლებების ჩატარებაზე მოლაპარაკებას მხოლოდ 2009 წლის დეკემბერში მიაღწიეს.