შიდა ფრენებზე ავიაბილეთების ფასის ზრდას ფრენებზე გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებენ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში".
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფასების ცვლილება, ფრენებზე მოთხოვნის ზრდით არის გამოწვეული.
"ფასების ცვლილების აუცილებლობა ნაწილობრივ ფრენებზე არსებულმა მოთხოვნამ გამოიწვია. რასაც 25 ივნისის ჩათვლით დაგეგმილ რეისებზე წინასწარ გაყიდული ბილეთების რაოდენობაც მოწმობს. უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიცვლება იმ ბილეთების ფასი, რომლებიც მგზავრებს მომდევნო თვეებში დაგეგმილ ფრენებზე უკვე ნაყიდი აქვთ", აღნიშნულია განცხადებაში.
შესაბამისად, დღეიდან ნატახტარი-მესტია-ნატახტარი ერთი მიმართულებით 12 წელს ზევით მგზავრის ავიაბილეთის საფასური 90 (ოთხმოცდაათი) ლარი ხდება. ქუთაისი-მესტია-ქუთაისი: ერთი მიმართულებით 12 წელს ზევით მგზავრის ავიაბილეთის საფასური 50 ლარი. ნატახტარი-ამბროლაური -ნატახტარი: ერთი მიმართულებით 12 წელს ზევით მგზავრის ავიაბილეთის საფასური 50 (ორმოცდაათი) ლარი.
თბილისი-ბათუმი-თბილისი: ერთი მიმართულებით 12 წელს ზევით მგზავრის ავიაბილეთის საფასური 125 ლარი. ყველა მიმართულებაზე, 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე ვრცელდება 30% ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ბავშვი უფასოდ იფრენს.
"მგზავრთნაკადის და რაც მთავარია, ტურისტების რაოდენობის გათვალისწინებით არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება უკავშირდება ფრენების სიხშირის ზრდის საჭიროებას. აუცილებელია განხორციელდეს მეტი ფრენა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ მგზავრს მიეცეს მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა", განმარტავენ "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში".
რაც შეეხება ცვლილებას სიხშირეების კუთხით, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ინფორმაციას განახლებისთანავე გამოაქვეყნებს.