რუსეთში კვლავ ხანძრები მძვინვარებს. იუგრის ოლქის ხანტიმანსიისკი რაიონში 22 ტყის მასივი იწვის. ხანძრის საერთო ფართობით 984 ჰექტარია. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია 61 ადამიანი, 7 ვერტმფრენი და სახმელეთო ტრანსპორტის 5 სახეობა.
ამავე დროს დღეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სინოპტიკოსები 40 გრადუსიან სიცხეს ვარაუდობენ.
ამასთან ერთად, ამ დილიდან მოსკოვი კვლავ ხანძრების შედეგად წარმოქმნილ კვამლში გაეხვია. კვამლშია ასევე ქალაქის ცენტრალური ნაწილი. მოსკოვის გარემოს დაცვისა და საბუნებისმეტყველო დეპარტამენტისYთანამშრომლები ჰაერის დაბინძურებას ელოდებიან.
დეპარტამენტის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების კოეფიციენტის მატება მთელი ღამის განმავლობაში შეინიშნებოდა.
"ჩვენი პროგნოზით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მოსკოვის მთელს ტერიტორიაზე გაგრძელდება. ძლიერი კვამლი უკვე შეინიშნება ქალაქის ცენტრალურ რაიონში”, _ აცხადებენ სპეციასლისტები.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთელს ტერიტორიაზე არსებული ხანძრების შედეგად, ბოლო მონაცემებით დაღუპულია 50 ადამიანი და დაშავებულია 458. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულთაგან ჰოსპიტალიზებულია 72 ადამიანი, სტაციონარულ მკურნალობას კი 46 ადამიანი გადის.