პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალური ინტერნეტგვერდის ინფორმაციით, ხვალ, 6 აგვისტოს, პოლონეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ბრონისლავ კომოროვსკის ინაუგურაცია გაიმართება. 3 აგვისტოს, პოლონეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად გამოცხადდა.
საზეიმო ღონისძიების გეგმის თანახმად, 6 აგვისტოს დილით, პოლონეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს სეიმისა და ქვეყნის სენატის წინაშე, პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე. ვარშავის არქიკათედრაში გაიმართება ღვთისმსახურება და პოლონეთის აღორძინებისა და თეთრი არწივის ორდენების გადაცემა კომოროვსკისთვის ვარშავაში მდებარე სამეფო სასახლეში.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას პოლონეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი 15 აგვისტოს, პოლონეთის არმიის დღეს გადაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ ბრონისლავ კომოროვსკიმ იაროსლავ კაჩინსკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოუგო. მეორე ტურში კომოროვსკის ხმა 53 %-მა მისცა, კაჩინსკის კი 47 %-მა.