"დღევანდელი მოწმის ჩვენება დიდი დარტყმა იყო საგამოძიებო სამსახურისთვის. ფაქტია, რომ ვიღაცა რაღაცას ისე აკეთებს,რომ როგორც თვითონ აწყობს, ისე დალაგდეს ყველაფერი",- განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.
მისი განმარტებით დღეს დაკითხულმა მოწმემ ბრალდების მხარის პოზიცია თავდაყირა დაყენა.
"დღეს დაკითხულმა მოწმემ პირდაპირ დაადანაშაულა გამოძიება. მისი თქმით, წინასწარ გამოძიებაში ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა. ფაქტია, რომ გამოძიება თავიდანვე არასწორად იყო წარმოებული. თუ ეს მოწმე სიმართლეს საუბრობს, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს თუ ვინ ახორციელებდა მოწმეზე ზეწოლას, რატომ და ვის ჰქონდა მოწმის დაშინების მიზანი. მოწმე არც სასამართლოში საუბრობს სიმართლეს. მართალია, რაღაც დეტალებთან მიმართებაში სიმართლე ისაუბრა, მაგრამ რაც მთავარია,იმას არცერთი საუბრობს", - აცხადებს სარალიძე.
ის არ გამორიცხავს, მოწმეზე ზეწოლა კვლავ გაგრძელდეს. "საქმე იმდენად ბუნდოვანია, არაფერს გამოვრიცხავ. რა თქმა უნდა, მოწმემ დღევანდელი ჩვენებით თავდაყირა დააყენა გამოძიების პოზიცია. როცა მოწმე პირდაპირ ადანაშაულებს გამომძიებლებს, ძალოვან სტრუქტურებს, რომ ისინი მასზე ზეწოლას ახდენდნენ, თქმა უნდა, ყველაფერი თავდაყირა დგება", - აცხადებს სარალაიძე.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.