საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2007 წლის 7 ნოემბრის 2 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საიას ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი ხელისუფლებას 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების გამოძიებას სთხოვს.
"ორი წელი სრულდება 2007 წლის 7 ნოემბრის ტრაგიკული მოვლენებიდან, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უკანონოდ, გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალეს მშვიდობიანი მომიტინგეები, დაარბიეს დამოუკიდებელი ტელევიზია და გაანადგურეს მისი აპარატურა, გამოიყენეს მოცემული დროისთვის კანონით აკრძალული სპეციალური საშუალებები, რის შედეგადაც 500-მდე ადამიანი დაშავდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ფორმალურად აღიარა 7 ნოემბერს დაშვებული შეცდომები, ჯერ არ მომხდარა აღნიშნული მოვლენების ადეკვატური და სრულყოფილი გამოძიება, არ გამოვლენილან და დასჯილან მშვიდობიან მომიტინგეთა დარბევის უკანონო ბრძანების გამცემი და შემსრულებელი პირები. შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვალდებულებას და მოუწოდებს უზრუნველყოს 7 ნოემბრის მოვლენების გამოძიება - გამოავლინოს და დასაჯოს უკანონო ბრძანების გამცემი და შემსრულებელი პირები; მიიღოს ეფექტური ზომები სამართალდამცავ ორგანოებში დაუსჯელობის სინდრომის აღმოსაფხვრელად", - ნათქვამია განცხადებაში.
საიას შეფასებით, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ადექვატური და დამოუკიდებელი გამოძიება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამართალიანობის აღდგენის, არამედ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან უკანონო ქმედებების პრევენციის თვალსაზრისითაც.