ისრაელსა და ლიბანს შორის მომხდარ საბრძოლო მოქმედებებს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ორმხრივი სროლების შედეგად დაიღუპა ისრაელის ჯარის პოლკოვნიკი და ბატალიონის მეთაური, დოვის ჰარარი. მძიმედ დაიჭრა ერთი ჯარისკაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად, უკიდურესად მძიმეა.
ლიბანური მხარის განცხადებით, ჯამში, ისრაელის ჯარებმა მათი ორი ჯარისკაცი მოკლეს, მძიმედაა დაჭრილი რამდენიმე ლიბანელი სამხედრო მოსამსახურე.
ლიბანის ოფიციალური, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ შეტაკების შედეგად დაიღუპა ლიბანელი ჟურნალისტიც - აბუ რაჰალი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მოვლენების გაშუქებას ცდილობდა.
მომხდარ ინციდენტთნ დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა რომლის მიხედვითაც, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარეებს "მაქსიმალური თავშეკავიბისაკენ" მოუწოდებს. ასევე, პან გი მუნის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ისრაელი-ლიბანის საზღვარზე მშვიდობა აღდგეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ორი ქვეყნის საზღვართან ისრაელისა და ლიბანის ჯარებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ლიბანის შესაბამისი სტრუქტურების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათმა ჯარებმა ისარელის ჯარისკაცებს მას შემდეგ ესროლეს, რაც ამ უკანასკნელებმა ლიბანის საზღვარი გადაკვეთეს. ისრაელის მხარე ლიბანის ბრალდებას უარყოფს. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკების დროს მხარეები არტილერიასაც იყენებდნენ.