აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს აზერბაიჯანელი ჟურნალისტები სტუმრობენ. აზერბაიჯანში რეიტინგული ვებ-პლატფორმებისა და ტელეკომპანიის წარმომადგენლები აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებსა და ტელერეპორტაჟებს ამზადებენ. მათ უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გინიოს ციხე და მთიანი აჭარა, სადაც ქართულ ფოლკლორსა და ადგილობრივ კერძებს გაეცნენ. პრესტურის მონაწილეები რეგიონს დღეს დატოვებენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაიწყო სამიზნე ქვეყნებიდან რეიტინგული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მოწვევა. გასული წლის მსგავსად, აჭარის შესახებ სტატიები, ტელე-რეპორტაჟები და გადაცემები 16 სამიზნე ქვეყნის მედიასივრცეში წელსაც მომზადდება. 2017 წელს, პრესტურით რეგიონს 200-ზე მეტი ჟურნალისტი და ბლოგერი სტუმრობდა. წელს, არსებული მონაცემების გაუმჯობესება იგეგმება.
რაოდენობის მიხედვით აზერბაიჯანელი ტურისტები რეგიონში მყოფი მოგზაურების ტოპ ხუთეულში შედიან. ვიზიტორთა რაოდენობა მეზობელი ქვეყნიდან აჭარაში ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს, რეგიონს ყველა ადმინისტრაციული საზღვრიდან 175 289 აზერბაიჯანელი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 43%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს.